09.11.2013
საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტს სლოვაკელ ინვესტორებთან ერთად ესტუმრნენ. მათ თავდაპირველად ლიკანში მეოთხე სამმართველოდ წოდებული რომანოვების საგვარეულო რეზიდენცია დაათვალიერეს, შემდეგ კი ბაკურიანში დიდველის ფერდობები მოინახულეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სლოვაკი ინვესტორების დაინტერესებით, საქართველოში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება. დელეგაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უმასპინძლა. დიმიტრი ბერიძე იმედოვნებს, რომ სლოვაკები ბორჯომის ტურისტული ინფრასტრუქტურით დაინტერესდებიან და მისი განვითარებისთვის ინვესტიციებს განახორციელებენ. მათი აქტივები საერთო ჯამში 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. წარმომადგენელთა განმარტებით, ინვესტორთა ჯგუფი საქართველოს ბუნებრივი რესურსებით მოხიბლულია და ფიქრობენ რომ ქვეყანას ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია. სლოვაკი ინვესტორები საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან. ხვალ ისინი გუდაურსა და ყაზბეგს მოინახულებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ტური კახეთსა და მცხეთა მთიანეთში. ინვესტორები ქვეყანას უკვე მეორედ სტუმრობენ.