13.11.2013
სოფელ ხერთვისში ამბობენ, რომ სასმელი წყლის დაბინძურება დასახლებასთან ახლოს მდებარე ჰესის მშენებლობამ გამოიწვია. მათი თქმით, მსგავსი ინფექცია სოფელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტერიტორიაზე გვირაბის გაყვანა დაიწყეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მიწის ქვეშ, წყლის მილებში ქიმიური ნივთიერებები მოხვდა, რამაც A ჰეპატიტის გავრცელება გამოიწვია. ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ მშენებლობის დაწყების შემდეგ მათ გვირაბიდან წამოსული მტვერი ყოველდღიურად აწუხებთ.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის ხერთვისში ა ჰეპატიტის მქონე მხოლოდ 10 პიროვნებაა, თუმცა მოსახლეობა ირწმუნება, რომ ინფექცია თითქმის ყველა ოჯახშია გავრცელებული და დაავადებულთა რიცხვი 30–ს აღემატება. მათივე განმარტებით, ადგილობრივების ნაწილს ფინანსური პრობლემების გამო ბავშვების მკურნალობა საავადმყოფოში არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი ინფექციას ოჯახურ პირობებში ებრძვიან.