ასპინძის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ნიალაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ნიალაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა 16 ნოემბერს, ღამის საათებში მოხდა. “მეცხრე არხთან” დაზარალებულები ჰყვებიან, რომ საძოვრიდან დაბრუნებული საქონელი დააბინავეს. დილით საქონლის სადგომის კარები დამტვრეული 33 სული პირუტყვი კი გაყვანილი დახვდათ. გიორგი ზაზაძის ინფორმაციით, მსხვილფეხა პირუტყვის კვალი თურქეთის ტერიტორიამდე მიდის, რაც მათ ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმაც დაუდასტურეს. მისივე თქმით პირუტყვი ოჯახის საკუთრება იყო. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას, საქონლის სადგომში, ან საცავში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ნიალის მთებში მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვის ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, თუმცა არც ერთ მათგანზე დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მათ შესაბამის ორგანოებს დახმარებისათვის უკვე მიმართეს. ნიალა საქართველო–თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით სამი კილომეტრით არის დაშორებული. მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილის თვეშიც დაფიქსირდა. მაშინ საქართველო–თურქეთის საზღვრიდან 500 მეტრში 56 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.