სამცხე–ჯავახეთში ქვესადგური ,,ახალციხე“ გაიხსნა
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიას ესტუმრნენ, სადაც თურქეთთან დამაკავშირებელი 400კვ ელექტროგადამცემი ხაზი და ახალციხის ქვესადგური ოფიციალურად გახსნეს. ქვესადგური წარმოადგენს შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ნაწილს, რომელიც სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და მისი შვილობილი კომპანიის "ენერგოტრანსის" მიერ განხორციელდა. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა. დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები საქართველოს ენერგოსისტემას საშუალებას მისცემს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი, როგორც თურქეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.
როგორც სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. "ჩვენ საშუალება მოგვეცემა ზაფხულის პერიოდში ნამეტი ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტის განხორციელების, როდესაც დასრულდება საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი მშენებარე ხაზი. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდება ელექტროენერგიის კარგვა. დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები საქართველოს ენერგოსისტემას საშუალებას მისცემს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი და ტრანზიტი როგორც თურქეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალციხის ქვესადგურის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოში, EBRD-ის წარმომადგენელი, KFW -- დირექტორი, საქართველოს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, სხვა ოფიციალური პირები.