14.12.2013
ქალაქის სკოლამდელი აღზრდის 4 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, შეფერხებული პროცესის გამო შესაძლოა სამშენებლო კომპანიები დაჯარიმდნენ. როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი აცხადებს, ახალციხის პირველი მესამე, მეხუთე და მეექვსე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 45 სამუშაო დღეში უნდა დასრულებულიყო, საბოლოოდ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოები 9 დეკემბერს უნდა დაესრულებინათ. რა სახის ჯარიმა დაეკისრებათ მშენებელ კომპანიებს და ეს ცნობილი არ არის. შეგახსენებთ რომ ბაღების რეაბილიტაციისათვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, პირველი ბაღისათვის 132 936, მესამე ბაღისათვის 150 000, მეხუთესათვის 181 488 და მეექვსე ბაღისათვის 62 989 ლარი . ნანა გელაშვილი იმედოვნებს, რომ სასწავლო პროცესი ბაღებში 2014 წლის იანვრის თვეში განახლდება.