02.10.2014
ადიგენში სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა. როგორც ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, სოფლის მეურნეობის კუთხით ზარალი მილიონ 57ათას ლარზე მეტია, ხოლო ინფრასტრუქტურის მხრივ – 35 ათას 740 ლარამდე. არსენ ბალახაშვილის განმარტებით, შედეგები სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დღეს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ სტიქია ადიგენში 14 სექტემბერს დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ადიგენის მუნციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალურად შექმნილი კომისია სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ორი მიმართულებით – სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით 2 კვირის განმავლობაში ითვლიდა.