ახალციხეში დიდი პომპეზობით აღინიშნა ვარდავარი (მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული)
წელს, 7 ივლისს სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა ვარდავარის დღესასწაული. დღესასწაული აღინიშნა ახალციხის ხელოვნური ტბის ამფიტეატრში შემდგარი კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული და სომეხთა სომოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ" ცენტრის ცეკვის ანსამბლები. კონცერტის დაწყებამდე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ" ეკლესიაში აღევლინა ვარდავარის საზეიმო ღვთისმსახურება, რომლის დასასრულს ეკლესიის ეზოში ახალგაზრდებმა ტრადიციული წუწაობა გამართეს.
სადღესასწაულო კონცერტამდე ახალციხის სომხური ახალგაზრდული საგანმანათლებლო- კულტურული ცენტრი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს დახვდა მარილითა და პურით. წინამძღვარმა თავის გამოსვლაში ყველას მიულოცა მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული და მადლობა მოახსენა ახალადშექმნილ სამრევლო საბჭოს - კონცერტის ორგანიზებისთვის, ასევე ახალციხის სომხურ ახალგაზრდულ საგანმანათლებლო- კულტურულ ცენტრს, ახალციხეში ჩამოსულ ყველა საცეკვაო ანსამბლს და ადგილობრივ ხელისუფლებას, კონცერტის ორგანიზებაში სამრევლო საბჭოს მხარდაჭერისათვის.
საზეიმო საკონცერტო პროგრამას ასევე ესწრებოდნენ: ახალციხის მერის მოადგილე აშოტ მინასიანი, სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე გევორგ ჰაკობიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდიდლიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი, ეპარქიის იურისტი ლევონ ისახანიანი, akhaltskha.net-ის მთავარი რედაქტორი და ასასც-ის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი ედუარდ აივაზიანი, საქართველოს სომეხთა ეპაქიის მღვდლები, სამეურვეო საბჭოს წევრები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.
საკონცერტო პროგრამა გახსნა ახალციხის სომხური ახალგაზრდული საგანმანათლებლო- კულტურული ცენტრის „გოჰანამქ" ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა, ახალციხელთათვის უკვე საყვარელი ცეკვებითა და სიმღერებით, რის შემდეგაც სცენაზე ავიდნენ რაიონის სოფლების ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერებით წარსდგა ასევე ახალციხის ცნობილი გუნდი „მესხეთი".
ამფითეატრში თავმოყრილ ხალხს ძალიან მოეწონა ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის ანსამბლ „ვაჩიანის" საცეკვაო ნომრები, ასევე პატრიოტული სიმღერები, რომლებმაც ახალი ენერგია გადასცეს კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას.
სამ საათზე მეტი გასტანა კონცერტმა, საკონცერტო პროგრამას განსაკუთრებული ელფერი შესძინეს და პროგრამა დაასრულეს თბილისის „ჰაიარტუნ" ცენტრის გომოსვლებმა. ცენტრის „ჯეირან" ცეკვის ანსამბლი (ქორეოგრაფი: სვეტლანა ერიციანი) გამოირჩეოდა საშემსრულებლო ოსტატობით, სომხური სულისკვეთებით და კარგი მომზადებით, რითაც მოხიბლა ახალციხელი მაყურებელი. დამსწრეების თბილი მიღება დაიმსახურა ასევე „ჰაიარტუნ" ცენტრის სოლისტების ნინა კარაპეტიან-გევორკოვას, ჰოვანეს შაჰნაზარიანის, ანი ღუშჩიანის, ემმა პოღოსოვას და ანნა პოღოსოვას გამოსვლებმა. სადღესასწაულო დღე დასრულდა წარუშლელი შთაბეჭდილებებით.