გაყიდული ტაბაწყურის ტბა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე ტბით ადგილობრივი მოსახლეობა სამი წელია ვეღარ სარგებლობს. 2010 წელს ფორმალურ აუქციონზე გაყიდული ტბა, ამ დროისათვის კერძო საკუთრებაშია. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სომხეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ის უკანონოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ტბით, ორი მიმდებარე სოფელი – ტაბაწყური და მოლითი სარგებლობდა. 400–ზე მეტი ოჯახის შემოსავლის წყარო ძირითადად, ტბაში დაჭერილი თევზის რეალიზება იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მკაცრი კლიმატური პირობების გამო, სოფლის მეურნეობით თავის გატანა შეუძლებელია.
ტბით სარგებლობის 20 წლიანი ლიცენზია შპს „ტბებმა", სამი წლის წინ მიიღო. მისი მეპატრონე ვართან აივაზიანი სოფელში კიბორჩხალების ბიზნესის განვითარება გადაწყვიტა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ მეპატრონემ ლიცენზიით მინიჭებულ უფლებას გადააჭარბა და 2 ტონის ნაცვლად ტბაში 18 ტონა კიბორჩხალა ჩაუშვა. ამის გამო ტბაში თევზი ნადგურდება. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობის მოთხოვნები არაკანონიერია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს თევზჭერა აკრძალული აქვს, ისინი ტბაში მაინც თევზაობენ. რაჩიკ სუმბათიანი ტაბაწყურის მკვიდრთა ბრალდებას ტბაში კიბორჩხალების დიდი რაოდენობით გაშვებასთან დაკავშირებით უარყოფს. თევზის განადგურებაზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.დავა ტაბაწყურის ტბასთან დაკავშირებით უკვე 3 წელია გრძელდება. მოსახლობა ტბის გადაცემას მოითხოვს, თუმცა თავის მხრივ, შპს „ტბები" მის დათმობას არ აპირებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოშია შეტანილი, რომლის მეშვეობითაც ეცდენიან, ერთადერთი შემოსავლის წყარო დაიბრუნონ.