სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არჩეულია. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მერაბ ბერიძე უხელმძღვანელებს. აკადემიური საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილება ცნობილი 3 ივლისს, 13 საათსა და 25 წუთზე გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს მერაბ ბერიძის გარდა, ამავე უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, გურამ კუტალაძე იყრიდა. რექტორის ასარჩევად ფარული კენჭისყრა გაიმართა. კანდიდატებს ხმა აკადემიური საბჭოს 8 პროფესორმა მისცა. მერაბ ბერიძემ 6, ხოლო გურამ კუტალაძემ 1 ხმა მიიღო. გაბათილდა ერთი ბიულეტინი. აკადემიური საბჭოს წევრები განმარტავენ, რომ კანდიდატთა შეფასება, მათ მიერ წარმოდგენილი უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის მიხედვით მოხდა. გარდა ამისა, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე აკადემიური საბჭო ორივე კანდიდატს გაესაუბრა. თუმცა გურამ კუტალაძეს მიაჩნია, რომ არჩევნები არაობიექტური იყო. მისი თქმით, საბჭოში შემავალი პროფესორები ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ, ბოლო პერიოდში, მერაბ ბერიძის წინააღმდეგ, პრესაში გამოქვეყნებული მასალები. ახლად არჩეულ რექტორსაც კი კორუფციაში ადამაშაულებს. მერაბ ბერიძე მიიჩნევს, რომ აკადემიურ საბჭოში პროფესიონალები იყვნენ და არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. რექტორის განმარტებით, მას 23 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი არ დაუტოვებია და დაწესებულების განვითარებისათვის ზრუნვას ახალი პოსტიდან გააგრძელებს. რაც შეეხება მისი კონკურენტის, გურამ კუტალაძის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს, რექტორი უარყოფს და განმარტავს, რომ აღნიშნული ბრალდებების გამო, იგი სამართლებრივ გზას მიმართავს. ახლად არჩული რექტორის თქმით, სასწავლებლის სტატუსსა და დაწესებულებაში დოქტორანტურის საფეხურის დამატებაზე იზრუნებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის პრობლემათა შემსწავლელი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაც იგეგმება. მასში ის აკადემიური პერსონალი დასაქმდება, რომლებიც კონკურსში აკადემიური ხაზით ვერ გაიმარჯვებენ. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მერაბ ბერიძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.