სოფელ ფარავნის მაცხოვრებლებმა ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს
სოფელ ფარავნიდან ჩამოსულმა მაცხოვრებლებმა 26 ივლისს ახალციხის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. 40–მდე ადგილობრივი საკუთარ თანასოფლელებს მიწების მითვისებაში ადამაშაულებს. მათი თქმით, სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კარენ მიკირტიჩიანმა და მარტინ აღაიანმა დაახლოებით 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით აიღეს და ტერიტორიით სარგებლობა სოფლის მაცხოვრებლებს აღარ შეუძლიათ. ადგილობრივები ამ ფაქტს უკანონოს უწოდებენ და მიწების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ. აღნიშნულ ტერიტორიის უმეტეს ნაწილს მოსახლეობა საძოვრად, ნაწილს სათიბად, 25 ჰექტარს კი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის ამუშავებდნენ. ახალმა მფლობელებმა კი ტერიტორიაზე სამუშაოები აკრძალეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს. გაგიკ კარსლიანი განმარტავს, რომ ტერიტორია საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთ პირზე, მარტიროს აღაიანზეა გაფორმებული. იგი მიწის სრულუფლებიანი მესაკუთრეა და აღნიშნული ტერიტორიისათვის გადასახადსაც იხდის. მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ აღაიანმა მიწა 2001 წელს იჯარით აიღო. მას შემდეგ მოსახლეობა აღნიშნულ ნაკვეთს თვითნებურად ამუშავებდა. ახალციხის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას მხარის გუბერნატორი ადგილზე არ დახვდათ, თუმცა ფარავნის მკვიდრები სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალქალაქში შეხვდნენ. გუბერნატორის მოადგილე, გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება გუბერნიის უფლებამოსილებაში არ შედის. შესაბამისად მაცხოვრებლებს ურჩიეს საკითხი სამართლებრივ დონეზე გადაეწყვიტათ. სოფელ ფარავნის მაცხოვრებლების თქმით, სამხარეო ადმინისტრაციამდე მათ პარლამენტსა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს, აღნიშნულ სტრუქტურებში კი განუმარტეს, რომ საკითხი მხარის გუბერნატორმა უნდა გადაწყვიტოს. ის, რომ 2001 წელს მარტიროს აღაიანმა მიწა იჯარით აიღო ფარავნის მაცხოვრებლებმა იცოდნენ, თუმცა მათი თქმით, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მათ ტერიტორიით სარგებლობის უფლება ჰქონდათ. ნინოწმინდიდან ჩამოსული აქტივისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული საკითხით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
| : 0.0/0