16.12.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ადგილობრივები კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდნენ და დაპირება შეახსენეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვამ მოსავალი სრულად გაანადგურა. მათი თქმით, რეგიონის პირველი პირებისგან ზარალის ანაზღაურების თაობაზე პირობა სტიქიის მეორე დღესვე მიიღეს. თუმცა, ამის მიუხედავად, კომპენსაციის გაცემა დაზარალებულებზე ამ დრომდე არ მომხდარა.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ირწმუნება, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება აუცილებლად მოხდება. ავთანდილ კაჭაკაჭაშვილი აცხადებს, რომ ზარალის შესწავლასა და დასკვნის დადებას დიდი დრო დასჭირდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც 9 სოფელმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ზარალის საერთო ოდენობამ მუნიციპალიტეტში 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა.